იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტია გავრცელდება ყველა პირზე, გარდა იმ პირებისა, ვისაც საერთაშორისო კონვენციის მუხლები აქვთ დარღვეული.
როგორც ოხანაშვილმა ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრა იყო საქმიანი და მხარეებს შორის მოხდა პოზიციების შეჯერება.
"ვრჩებით ერთგული ამ შეთანხმების, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის ყველა პირზე და სამართალდარღვევაზე გავრცელებას, როგორც შეთანხმებაშია გაწერილი. თუ იკითხავთ, რომ კონვენციურ მუხლებთან მიმართებაში საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული, ჩვენი პოზიცია არის რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს - ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ორი აზრი არ არსებობს. კონვენციური მუხლები ითვალისწინებს - წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ა.შ.
თუ დადგინდება, რომ ამ მიმართულებით ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მაგათზე არ გავრცელდება ამნისტია. ვერც ერთი პოლიტიკოსი, როდესაც მას, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული პრივილეგირებული სხვა ადამიანებთან მიმართებაში ვერ იქნება. ამნისტია გამოიცემა. ამნისტია გავრცელდება ყველაზე თანაბრად, ყველა პირზე და ყველა დარღვევაზე, გარდა იმ კონვენციური მიდგომისა რაზეც ვთანხმდებით", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 21 აპრილის განცხადებით მიმართა მხარეებს, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.
საია-ს განმარტებით, ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას.
პარლამენტში 27 აპრილს დაიწყება ცვლილებების განხილვა, რომლითაც 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში არსებული ჩანაწერი ამნისტიის კანონში უნდა აისახოს. შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, პოლიციელების შემთხვევაში კანონს დაზარალებული მხარის თანხმობა უნდა დაემატოს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს, გიორგი რურუას შეიწყალებს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.
მელიასთვის მისაღებია გათავისუფლება ევროკავშირის თავდებობით, თავად გირაოს გადახდაზე უარს ამბობს. მისთვის ასევე მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20-21 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს.
22 აპრილს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამნისტია შეეხება მას, ვიზეც 20-21 ივნისის საქმეზე "აღძრულია საქმე და მასაც, ვიზეც შეიძლება, მომავალში აღიძრას".
ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
მათთვის ამნისტიის კანონი კატეგორიულად მიუღებელია. 27 აპრილს 20 ივნისს დაზარალებულებმა საპროტესტო აქციაც დააანონსეს - ის კანონის პარლამენტში ინიცირების პარალელურად გაიმართება.